სოციოლოგიის მეთოდის წესები

ახალი

ავტორი: ემილ დიურკემი

სოციოლოგიის მეთოდის წესები

წინასიტყვაობა

ემილ დიურკემი, ფრანგული სოციოლოგიის ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი, სრულიად სამართლიანად ითვლება სოციოლოგიური კონცეფციის რეფორმატორად. დიურკემის სოციოლოგიურმა თეორიამ უაღრესად დიდი გავლენა მოახდინა მომდევნო პერიოდის დასავლეთ ევროპის სოციოლოგიურ მემკვიდრეობაზე. თითქმის არ არის სოციოლოგი, რომელიც ამ დიდი მეცნიერისაგან აშკარად დავალებულად არ თვლიდეს თავს, რაც ნათლად მეტყველებს ფრანგი მოაზროვნის თხზულებათა განსაკუთრებულ ღირებულებაზე.

 

ემილ დიურკემი დაიბადა 1858 წლის 15 აპრილს, პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, პატარა ქალაქ ეპინალში, რაბინის ოჯახში. მამა ემილს სასულიერო მოღვაწეობისათვის ამზადებდა. ამდენად, მან ბავშვობიდანვე დიდი მოწადინებით შეისწავლა ძველი ებრაული ენა, შემდეგ ძველი აღთქმა და თალმუდი. მაგრამ, დიურკემის ბიოგრაფების თანახმად, მასზე იმდენად დიდი გავლენა იქონია სკოლის ერთ-ერთმა კათოლიკე პედაგოგმა, რომ ადრეულ ასაკშივე უარი განაცხადა ოჯახური ტრადიციის გაგრძელებაზე.

 

1879 წელს დიურკემმა სწავლა განაგრძო პარიზის უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებელში (École Normale), სადაც მან თავისი ღრმა და ორიგინალური აზროვნებით იმთავითვე მიიპყრო სასწავლებლის პროფესორების, ცნობილი ისტორიკოსის დე კულანჟისა და ფილოსოფოს ემილ ბუტრუს ყურადღება. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, დიურკემი პროვინციის ლიცეუმებში ფილოსოფიას ასწავლიდა. 1885-86 წლებში სოციალურ მეცნიერებათა სწავლების მეთოდიკის გაცნობის მიზნით, დიურკემი იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც დაუახლოვდა ცნობილ გერმანელ ფილოსოფოსსა და ფსიქოლოგს ვ. ვუნდტს, რომელმაც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ფრანგ მეცნიერზე.

 

სამშობლოში დაბრუნებული დიურკემი, 1887 წელს, ქ. ბორდოს უნივერსიტეტში სოციოლოგიის კურსის წასაკითხად მიიწვიეს. მოგვიანებით, ამ ფაქტის შესახებ მეცნიერი წერდა: „დიდი ბედნიერება გახლდათ სოციოლოგიის მუდმივი კურსის დაარსება ქ. ბორდოს უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ამან განაპირობა დავინტერესებულიყავით და ღრმად შეგვესწავლა სოციოლოგია, როგორც მეცნიერება, ამასთან გვექცია იგი ჩვენი პროფესიული საქმიანობის საგნად; აღნიშნულ გარემოებათა წყალობით, გავცდით ამ ძალზე ზოგადი საკითხების ფარგლებს და წამოვიწყეთ ზოგიერთი კერძო პრობლემის შესწავლა“ („სოც. მეთ. წესები“, შესავალი).

 

დიურკემი ბევრს მუშაობდა სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების პროგრესზე. წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც 1893 წელს გამოქვეყნდა ცალკე წიგნად სათაურით „სოციალური შრომის დანაწილება“. ეს იყო მისი პირველი სერიოზული ნაშრომი, რომელშიც მან ჩამოაყალიბა შემდეგი მოსაზრება: ყოველი საზოგადოება ხასიათდება სოციალური სოლიდარობით. პირველყოფილ საზოგადოებაში სოლიდარობა „მექანიკური“ იყო, დაფუძნებული სისხლით ნათესაობაზე. თანამედროვე სამყაროში სოლიდარობა „ორგანულია“ — დაფუძნებულია შრომის დანაწილებაზე, ე.ი. კლასობრივ თანამეგობრობაზე ცხოვრების საშუალებათა მოპოვებისას. ავტორი იძლევა სოციალური სისტემებისა და მათი განვითარების ზოგად თეორიას, ცდილობს დაამტკიცოს, რომ შრომის დანაწილება ქმნის საზოგადოებათა ერთობას.

 

დიურკემის აზრით, სუბიექტურობის სტადიიდან ობიექტურობის სტადიაზე გადასასვლელად, სოციოლოგიამ უნდა იხელმძღვანელოს რაციონალური მეთოდით. სწორედ ამ საკითხს ეძღვნება მისი მეორე წიგნი „სოციოლოგიის მეთოდის წესები“, რომელიც 1895 წელს გამოქვეყნდა. დიურკემი წერდა: „თავად გარემოებამ გვიბიძგა უფრო გამოკვეთილი მეთოდის შემუშავებისაკენ, რაც, ვფიქრობთ, უფრო გამოსადეგია სოციალური მოვლენების განსაკუთრებული ბუნების შესაცნობად“ („სოც. მეთ. წესები“, შესავალი). თხზულების გამოცემამ იმ დროის ცნობილ მეცნიერთა მწვავე პოლემიკა გამოიწვია.

 

1896 წელს დიურკემი სათავეში ჩაუდგა ქ. ბორდოს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების კათედრას — ფაქტობრივად, სოციოლოგიის პირველ დამოუკიდებელ კათედრას საფრანგეთში. 1897 წელს გამოიცა დიურკემის მესამე წიგნი „თვითმკვლელობა“, რომელშიც ავტორი იკვლევს იმ არსებით სოციალურ მომენტებსა და მიზეზებს, რაც იწვევს ამ ქმედების ზრდას საზოგადოებაში. 1898 წელს დიურკემმა დააარსა ჟურნალი „სოციოლოგიური წელიწდეული“ (L’Année Sociologique), რომელიც 1913 წლამდე გამოდიოდა. ეს გახლდათ ფრანგული სოციოლოგიის სკოლის ბეჭდვითი ორგანო, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება ეცნობოდა სოციოლოგიის მრავალ აქტუალურ საკითხს.

 

1902 წლიდან დიურკემი მოღვაწეობდა პარიზში, ხელმძღვანელობდა სოციოლოგიის კათედრას სორბონის უნივერსიტეტში. საგანგებო აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ დიურკემი დაჯილდოვებული იყო შესანიშნავი ორატორული ნიჭით, რაც ერთიორად ზრდიდა მსმენელთა ინტერესს მისი ლექციებისადმი. 1912 წელს გამოიცა დიურკემის მეოთხე წიგნი „რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები“. აღნიშნული ნაშრომი რელიგიის საკითხისადმი ავტორის დიდი ინტერესის დასტურია: დიურკემს რელიგია საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტად მიაჩნდა.

 

1914 წელს დაწყებულმა მსოფლიო ომმა მნიშვნელოვნად შეაფერხა დიურკემის სამეცნიერო მოღვაწეობა, რასაც დაემატა რამდენიმე თანამოაზრისა და ერთადერთი ვაჟის — მისი საქმის გამგრძელებლად მიჩნეული ნიჭიერი ახალგაზრდა ლინგვისტისა და სოციოლოგის — დაღუპვით გამოწვეული უდიდესი სულიერი ტრავმა. 1917 წლის 15 ნოემბერს, 59 წლის ასაკში, ემილ დიურკემი გარდაიცვალა.

 

თხზულებაში „სოციოლოგიის მეთოდის წესები“ დიურკემი საგანგებოდ იკვლევს იმ მეთოდსა და წესებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სოციალური მოვლენების განსაკუთრებული ბუნების შეცნობა და შეფასება; ავტორი განსაზღვრავს სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის საგანს. დიურკემის თანახმად, სოციოლოგია არ არის რომელიმე სხვა მეცნიერების დამატება, იგი თავისთავადი და ავტონომიურია. სოციოლოგიამ უნდა შეისწავლოს საზოგადოება, როგორც განსაკუთრებული სულიერი რეალობა, რომლის კანონები განსხვავდება ინდივიდუალური ფსიქიკის კანონებისაგან. სოციალური რეალობის სპეციფიკის აღქმა აუცილებელია სოციოლოგიისათვის, რადგან მხოლოდ განსაკუთრებულად სოციოლოგიურ კულტურას შეუძლია მისი მომზადება და მიყვანა სოციალური ფაქტების გაგებამდე. იმისათვის, რომ სოციოლოგიამ გადაწყვიტოს ეს ამოცანა ეფექტურად და შეძლოს თავისი მიზნის განხორციელება, მეცნიერს აუცილებლად მიაჩნია ისეთი სოციოლოგიის ჩამოყალიბება, რომელიც „დისციპლინის სულისკვეთებაში დაინახავს მთელი ერთობლივი ცხოვრების უმთავრეს პირობას და იმავდროულად ამ უკანასკნელს დააფუძნებს გონებასა და ჭეშმარიტებაზე“.

 

დიურკემამდე სოციოლოგია მსჯელობდა არა ნივთებზე, არამედ კონცეპტებზე, ცნებებზე. სოციალური მოვლენების, როგორც ნივთების რაობა, სოციოლოგთაგან მხოლოდ კონტმა აღიარა იმპლიციტურად. დიურკემის აზრით, სპენსერის სოციოლოგიაში დახვავებული ფაქტები უფრო ცნებათა ანალიზის ილუსტრაციებისათვისაა გამოყენებული, ვიდრე ნივთთა აღწერისა და ახსნისათვის. ფრანგი მეცნიერის თანახმად, სოციოლოგიამ უნდა ჩამოიცილოს ფაქტების შესახებ წინასწარ შემუშავებული ცნებები, რათა პირისპირ დადგეს უშუალოდ ფაქტების წინაშე. სოციოლოგიას, როგორც გვიან შექმნილ მეცნიერებას, შეუძლია ისარგებლოს იმ წარმატებებით, რომელთაც მიაღწიეს მანამდე აღმოცენებულმა მეცნიერებებმა; მეორე მხრივ, უკვე არსებული გამოცდილების გამოყენებამ შეუძლებელია არ დააჩქაროს სოციოლოგიის განვითარება. რაც შეეხება შედარებით სოციოლოგიას, დიურკემს იგი არ მიაჩნია სოციოლოგიის ცალკე დარგად; მისი აზრით, ეს არის თავად სოციოლოგია, რადგან იგი ემსახურება არა ფაქტების მშრალ აღწერას, არამედ ესწრაფის მათ ახსნას; სოციოლოგიის ერთი განსაზღვრული დარგი საგანგებოდ უნდა იკვლევდეს სოციალური სახეების ფორმირებისა და კვალიფიკაციის პრობლემას.

 

სოციოლოგთა საერთო ნაკლად დიურკემს მიაჩნია სოციალური ფაქტების ზერელე კვლევა და ის, რომ ისინი დიდად არ ზრუნავდნენ სოციალური ფაქტების კვლევისას გამოყენებული მეთოდის ჩამოყალიბებასა და განმარტებაზე. სპენსერის, მილისა და კონტისაგან განსხვავებით, დიურკემი საჭიროდ მიიჩნევს სპეციალური მეთოდით ხელმძღვანელობას. იგი მიზნად ისახავს ჭეშმარიტი და ყოველგვარი ფილოსოფიისაგან დამოუკიდებელი მეთოდის შემუშავებას, რაც მთელი მოძღვრების საფუძვლად იქცევა და რასაც მეცნიერი მიაკითხავს კვლევის დაწყებისთანავე, როგორც თავისი ძიების მარად თანმხლებს. აღნიშნული მიზნის ნათელი დასტურია წინამდებარე წიგნში მოცემული დიურკემის უმთავრესი სოციოლოგიური თხზულების ქართული თარგმანი, შესრულებული ფრანგული დედნიდან „Les règles de la méthode sociologique“ Paris, 1999, Quadrige.

 

დიურკემისათვის, დეკარტის მსგავსად, არსებითია შემდეგი დებულება: „თუ გვსურს ვიხელმძღვანელოთ სწორი მეთოდით, საჭიროა მეცნიერების საწყისები დავაფუძნოთ მყარ ნიადაგზე და არა არამდგრად ქვიშაზე. სოციალურ სამყაროს უნდა შევხედოთ იმ მხრიდან, საიდანაც იგი უფრო მეტად მოსახელთებელია მეცნიერული კვლევისათვის. მხოლოდ მოგვიანებით გახდება შესაძლებელი ღრმა მეცნიერული შესწავლა... თანამიმდევრული მუშაობით მივუახლოვდებით მთავარს, თანდათანობით შევაღწევთ რეალობაში, რომელიც ხშირად გვისხლტება ხელიდან და რომელსაც, ალბათ, ადამიანის გონება ბოლომდე ვერასოდეს დაეპატრონება“ (იქვე, II თ.). რამდენადმე რთული სოციალური ფაქტების შესწავლა მეცნიერულად — თანაც ისე, რომ არ დაუკარგოთ მათივე სპეციფიკური ნიშნები — ავტორის აზრით შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ მათ განიხილავენ თავისთავად, განცალკევებულად იმ სუბიექტებისაგან, რომლებიც მათ აცნობიერებენ და წარმოადგენენ. დიურკემი წერს: „ისინი (სოც. ფაქტები) უნდა შევისწავლოთ ჩვენს გარეთ, როგორც გარეგანი ნივთები, რადგან სწორედ ამ სახით არსებობენ ისინი“ (იქვე, II თ.).

 

დიურკემის სოციოლოგია ეფუძნება მაქსიმას: სოციალური ფაქტები უნდა განიხილებოდეს როგორც ნივთები. სოციალური მოვლენის, როგორც ნივთის სახელქვეშ, დიურკემის თანახმად, ერთიანდება ყოველივე ის, რაც მოცემულია, არსებულია ან, უფრო ზუსტად — ექვემდებარება დაკვირვებას. მეცნიერის აზრით, სოციალურ მოვლენებს უდავოდ გააჩნიათ ეს ნიშანი — მოცემულობა. „ისინი არა თუ არ არიან ჩვენი ნების ნაყოფი, არამედ გარედან თავად განსაზღვრავენ ამ ნებას. ისინი თითქოს ყალიბები არიან, რომელთა მიხედვითაც იძულებული ვართ ჩვენი მოქმედებები ჩამოვასხათ“ (იქვე, II თ.).

 

სოციალური ფაქტების შესასწავლად დიურკემი ადგენს გარკვეულ წესებს, რაც მას ეხმარება არ დარჩეს განუსაზღვრელი რაიმე დასაბუთება. მისი აზრით, სოციალური ფაქტების შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ კვლევა გაჰყვება მათი განვითარების მთელ პროცესს; ფაქტი შეიძლება აიხსნას მხოლოდ სხვა სოციალური ფაქტით; აღნიშნულის უგულებელყოფის შემთხვევაში, სოციოლოგია უძლური იქნება დაადგინოს რაიმე მიზეზობრივი კავშირი. „სოციალური ფაქტი არის ქმედებათა ყოველი წესი — მდგრადი ან არამდგრადი — რომელსაც ძალუძს მოახდინოს გავლენა გარე იძულების საშუალებით ან სხვაგვარად: რაც გავრცელებულია მოცემული საზოგადოების მთელ სივრცეზე და იმავდროულად გააჩნია საკუთარი, თავისი ინდივიდუალური გამოვლინებისაგან დამოუკიდებელი არსებობა“ (იქვე, I თ.).

 

დიურკემი განიხილავს სოციალური ფაქტების ორ რიგს: ერთი — ფაქტები, როგორც ნორმალური მოვლენები და მეორე — ფაქტები, როგორც პათოლოგიური მოვლენები. ავტორის თანახმად, გარკვეული მიმართებით ისინი ერთი ბუნებისა არიან, მაგრამ მაინც ქმნიან ორ სახესხვაობას და სწორედ ეს განსხვავებაა არსებითი; რადგან ნებისმიერი სოციალური ფაქტი განიხილება, როგორც ნორმალური ან არანორმალური მხოლოდ განსაზღვრულ სოციალურ სახესთან მიმართებით, ამდენად რომელიმე სოციალური ფაქტის განმსაზღვრელი მიზეზი უნდა ვეძიოთ წინავალ სოციალურ ფაქტთა შორის და არა ინდივიდუალური ცნობიერების მდგომარეობაში. სოციალური ფაქტის ფუნქცია ყოველთვის მოძიებული უნდა იქნეს მიმართებაში, რომელიც მას აქვს რომელიმე სოციალურ მიზანთან. მართალია კოლექტიური ცხოვრება არ გამომდინარეობს ინდივიდუალური ცხოვრებიდან, მაგრამ, ავტორის აზრით, ისინი მაინც ძალზე მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან: „თუ მეორეს არ ძალუძს პირველის ახსნა, მას შეუძლია გააიოლოს მისი ახსნა“ (იქვე, V თ.).

 

დიურკემი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ გარემოს. ამ უკანასკნელს იგი სოციალური ევოლუციის მთავარ მამოძრავებელ ძალად, კოლექტიური ევოლუციის განმსაზღვრელ ფაქტორად აღიარებს. „სოციალური ცხოვრება არის ბუნებრივი, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ იგი გამომდინარეობს უშუალოდ კოლექტიური ყოფიერებიდან, რომელიც თავისთავად არის რეალობა სუი გენერის (sui generis)“ (იქვე, V თ.). ავტორი ასევე საგანგებოდ იკვლევს საზოგადოებათა კლასიფიკაციის მეტისმეტად რთულ პრობლემას. კონტისეული კლასიფიკაცია მას მოძველებულად მიაჩნია; ამ მიმართულებით ჩატარებული ცნობილი სოციოლოგების ცდების შედეგები კი — საკამათოდ და ნაკლებ სასარგებლოდ. მათში დიურკემი ხედავს არა სოციალურ სახეთა კლასიფიკაციას, არამედ უმალ ისტორიული ფაზების კვლევას. დიურკემის თანახმად, საზოგადოებათა კლასიფიკაცია უნდა დაიწყონ მათი დამახასიათებელი შედგენილობის სირთულის ხარისხის მიხედვით და ყველაზე არსებითი ნიშნების შერჩევით. სახე უნდა განისაზღვროს უფრო მუდმივი ნიშნებით. ეკონომიკა, ტექნოლოგია და ა.შ. ძალზე რთული და არამდგრადი მოვლენებია; ამდენად, არ გამოდგებიან კლასიფიკაციის საფუძვლად. დიურკემის აზრით შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ერთი და იმავე კოლექტიურ ინდივიდუალობას შეეძლო გამოეცვალა სახე სამჯერ ან ოთხჯერ. ასევე, შესაძლოა ერთმა ქვეყანამ მეორისაგან ისესხოს ხელოვნება, მრეწველობა, პოლიტიკური ორგანიზაციაც კი და მაინც იგი დარჩება სხვა სოციალურ სახედ. „საზოგადოებათა კლასიფიკაცია უნდა დავიწყოთ მათი დამახასიათებელი შედგენილობის სირთულის ხარისხის მიხედვით; კვლევის საფუძვლად უნდა ავიღოთ სრულიად მარტივი ანუ ერთადერთ სეგმენტიანი საზოგადოება. ამ კლასებს შიგნით უნდა გამოვყოთ ნაირსახეობები იმის მიხედვით, ხდება თუ არა საწყისი სეგმენტების სრული ურთიერთშერწყმა“ (იქვე, V თ.).

 

დიურკემის თხზულებაში სრულიად ახლებურადაა წარმოდგენილი ისეთი არსებითი ცნებები, როგორიცაა: სოციალური სახე, სოციალური ნორმები და ღირებულებები, სოციალური მდგომარეობა. მისი ღრმა რწმენით სოციოლოგიამ, მის მიერ შესწავლილი პრაქტიკული საკითხების მიმართ, უნდა დაიკავოს განსაკუთრებული პოზიცია, რადგან მხოლოდ მეთოდურ ექსპერიმენტებს ძალუძს ჩამოხსნას ნივთებს მათივე იდუმალების საბურველი. ამ მიზნით შეიმუშავა მან გამორჩევით სოციოლოგიური, ყოველგვარი ფილოსოფიისაგან დამოუკიდებელი მეთოდი, რომელიც სოციალური მოვლენების მიმართ მხოლოდ მიზეზობრიობის პრინციპის გამოყენებას ითხოვს. დიურკემისეული მეთოდი ობიექტურია, რადგან მთლიანად გამსჭვალულია იდეით, რომ სოციალური ფაქტები არის ნივთები და უნდა განიხილებოდეს როგორც ასეთები.

 

ემილ დიურკემის, სოციოლოგიის კლასიკოსის, იდეები განსაკუთრულ აქტუალობას იძენს პოსტტოტალიტარულ საზოგადოებაში, სოციალური ინსტიტუტების რადიკალური ცვლილებების პერიოდში. დღევანდელობამ ემილ დიურკემის თხზულების „სოციოლოგიის მეთოდის წესების“ თარგმნის აუცილებლობა განსაზღვრა.

თამაზ ბუაჩიძე დოდო ლაბუჩიძე 2001 წელი

 

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!